უამინდობის შედეგები რეგიონებში

სვანეთი, აჭარა, კახეთი, – რამდენიმე დღეა რეგიონებში ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან. ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ ლენტეხის მუნიციპალიტეტშია, სადაც სამ სოფელთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა პრობლემები შეუქმნა ზემო სვანეთსაც, სადაც ამჟამად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. უამინდობაა აჭარაშიც. ბათუმის ოთხი ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და მაღაზიები წყალმა დატბორა. რამდენიმე საათით პარალიზებული იყო მოძრაობა მახინჯაური-ბათუმის მონაკვეთზეც. ზარალს ითვლიან კახეთის სამ მუნიციპალიტეტში. უხვმა ნალექმა ლაგოდეხის, სიღნაღისა და ახმეტის რაიონის სოფლები დააზარალა.