უამინდობამ ფოთში საცხოვრებელი სახლები დააზიანა

ძლიერმა ქარმა ქალაქ ფოთს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. უეცრად მოვარდნილმა ქარბორბალამ ლარნაკას ქუჩაზე მდებარე ტერმინალზე 25-ზე მეტი ტვირთმზიდი კონტეინერი დააზიანა. წაქცეულია ხეები, რიგ უბნებში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით. სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს, რომლის შემდეგ, დაზარალებული ოჯახები შესაბამის დახმარებას მიიღებენ. დაზარალებულებს პოლიტიკური პარტიების კანდიდატები შეხვდნენ.