უამინდობა თბილისში

უამინდობაა თბილისსა და რეგიონებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი დონე. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა ცალკეული მდინარეების წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მომატება გამოიწვიოს. პატარა მდინარეებზე კი წყალმოვარდნებია მოსალოდნელი. გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში შესაძლოა გააქტიურდეს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები. შეგახსენებთ, ძლიერი სეტყვა იყო თბილისის რამდენიმე უბანში. მოსახლეობამ სეტყვის დროს დაზიანებული ავტომობილების და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა სოციალური ქსელებით გაავრცელა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. მერიის განცხადებით, სეტყვამ ძირითადად ხის ტოტები ჩამოამტვრია, რამაც დაფარა სანიაღვრე ჭის ცხაურები, თავის მხრივ ამ ფაქტმა რამდენიმე ლოკაციაზე წყლის დაგუბება გამოიწვია.