უამინდობა საქართველოში

უამინდობაა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. უხვმა ნალექმა პრობლემები რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეუქმნა. ყველაზე რთული მდგომარეობა ჩარგალი-ბარისახოს მიმართულებაზეა, სადაც 10-ზე მეტი მონაკვეთი მეწყერმა ჩახერგა. ამ დრომდე ვერ ხერხდება ტურისტული ჯგუფების გამოყვანა, რომლებიც სტიქიის ზონაში არიან ჩარჩენილები.
შეფერხებულია გადაადგილება კობი-გუდაურის მონაკვეთზეც. სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა დასავლეთ საქართველოში პირველ ივლისამდე, უმეტესად დღის მეორე ნახევარში ისევ ნალექს ელოდებიან.