უამინდობა საქართველოს რეგიონებში

ფოთში კვლავაც ძლიერი ქარია. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობის ნაწილი დენისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. სხვადასხვა სამსახურების ტექნიკური ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. სინოპტიკოსების ცნობით, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული სანაპირო ზოლზე. ძლიერი ქარია მოსალოდნელი ხვალაც, შაბათს კი გამოიდარებს.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოშიც. სენაკში ხე დაეცა მიკროავტობუსს, დაშავდა სამი ადამიანი. ზუგდიდში კი სამგზავრო მატარებელი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მოძრაობას ვერ ახერხებს. რეგიონის მასშტაბით, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. რამდენიმე სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. წაქცეული ხეებისგან უკვე გაიწმინდა გზის სავალი ნაწილები, შესაბამისად, გზებზე შეფერხებები ამ დროისთვის უკვე მოხსნილია. სახელმწიფო რწმუნებული იმ მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდება, სადაც სტიქიაა და იმსსჯელეს საპრევენციო სამუშაოებზე.

ძლიერი ქარია კვლავ იმერეთში. დაზიანდა 69 სახლი და 10 ავტომობილი. აბონენტების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქუთაისში კი მოსახლეობა უწყლოდაა დარჩენილი. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.