უამინდობა საქართველოს რეგიონებში

თოვლმა პრობლემები ახალციხის საავტომობილო გზებზეც შექმნა. თუმცა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36 კილომეტრზე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა უკვე თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. დიდთოვლობის მიზეზით,  კომპანია „სპეციალური სერვისები“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, თოვლს ქალაქში გადაადგილების კუთხით პრობლემები არ შეუქმნია. ასევე მოხდა ე.წ. თეთრ ხიდზე დამცავი ბარიერების განთავსება, რათა მოქალაქეებს ხიდის მინის ზედაპირზე გადაადგილების დროს პრობლემა არ შეექმნათ.

სამეგრელოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია. რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ყველა სოფლამდე მისასვლელი გზის გაწმენდა გუშინვე მოხერხდა. დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, თუმცა რეგიონის ყველა სოფლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გუშინვე მოხერხდა. დარჩენილია ზუგდიდის ოთხი სოფლის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგების სამუშაოები, რომელიც უახლოეს საათებში დასრულდება. გზების გაწმენდით სამუშაოებზე მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიები მუშაობდნენ. გზებზე მოხდა ტექნიკური მარილის დაყრაც. რეგიონში ახლა აღარ თოვს.