ინტენსიური თოვა გრძელდება მაღალმთიან აჭარაში. სოფლებში თოვლის საფარმა უკვე გადააჭარბა ერთ-მეტრიან ნიშნულს. დაბაში თოვლის სიმაღლე 60 სანტიმეტრს აღწევს. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, დაზიანებულია მაღალი ძაბვის ელექტროსადენები. ენერგომომარაგებაში შეზღუდვაა ქედაშიც. ენერგოკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები იწმინდება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გაიწმინდება თემებთან მისასვლელი გზები. ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო მაღალი ზონის სოფლებში რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის, კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”. იწმინდება ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზების დამეწყრილი მონაკვეთები. აჭარის მაღალი ზონის სოფლებში რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.
ინტენსიური თოვის გამო პრობლემებია ჭიათურაშიც. ქალაქისა და 60-ივე სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია დილიდან არ მიეწოდებოდა. მუნიციპალიტეტში ჩაიკეტა გზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. გზის გაწმენდის სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წევრები გაეცნენ. ძლიერი წვიმის შედეგად კი რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა ქუთაისში, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ადგილებზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და “სპეციალური სერვისების” სამსახურები. სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წევრები გაეცნენ. მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე.