უამინდობა დედაქალაქსა და რეგიონებში
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ისევ თოვს, უამინდობამ პრობლემები შექმნა თბილისში, დაზიანდა ელექტროსისტემები, რის გამოც დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 128 ათასამდე აბონენტს, ენერგოკომპანიის წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდნენ და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა.
დედაქალაქსა და მის შემოგარენში ტექნიკური მარილით მუშავდება და იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი გზები. ბოლო ორი დღის განმავლობაში უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
პრობლემებია რეგიონებშიც, შეზღუდვები მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე. სინოპტიკოსები უხვ ნალექს მომდევნო 24 საათის განმავლობაშიც ელოდებიან.