უამინდობა აჭარაში

ხულოში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბალ ზონაში ერთ მეტრს აღწევს, მაღალ ზონაში კი – 1.5 მეტრს აჭარბებს. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის ყველა სტრატეგიულ ობიექტთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ხულოს მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მოქმედებს ცხელი ხაზი: 551005272 მთელი ღამის განმავლობაში უამინდობას ბათუმში არსებითი შეფერხებები არ გამოუწვევია, ამ დრომდე კი – ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. ღამის განმავლობაში, დატბორვასთან დაკავშირებით სამი შეტყობინება დაფიქსირდა. ამ ეტაპისთვის პრობლემა აღმოფხვრილია. ძლიერი ქარის შედეგად, საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა ივანე მესხის ქუჩაზე, ფასადი კი – ფიროსმანის ქუჩაზე. ყველა შემთხვევაზე განხორციელდება შესაბამისი რეაგირება. გონიოსა და ახალი ბულვარის სანაპიროზე, არსებულ პრომენადზე შტორმის შედეგად გამოირიყა ხრეში. გაწმენდითი სამუშაოები შტორმის ჩადგომისთანავე დაიწყება. შეუფერხებლად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

3 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, პირველი იანვრის დღის მეორე ნახევრიდან კი – 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს დღის ბოლოდან, საქართველოში ნალექების ინტენსივობა შემცირდება.