დიდთოვლობამ და პერიოდულმა წვიმამ მეწყრული პროცესები გაააქტიურა მთიან აჭარაში. რამდენიმე ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა. ხულოში, სოფელ თაგოში ზვავის შედეგად ჩაიკეტა სასოფლო გზა. სასოფლო გზა ასევე ჩაკეტილია ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში. ასევე, ხულოში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. როგორც მერიაში აცხადებენ, ზარალს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია შეისწავლის და ოჯახებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება. მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის მერისის მონაკვეთზე. მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზებზე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისთან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ცალმხრივად გახსნილია. შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები კვლავ იწმინდება, როგორც თოვლის საფარისაგან, ასევე მეწყრული ჩამონაშლებისაგან.