ტყის ხანძრები კანადაში – ტრამპის ბრალდება
„ჩემთვის სამარცხვინოა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია და კონგრესის ზოგიერთი წევრი ასეთ წერილებს წერენ და ჩვენ გვადანაშაულებენ“ – ეს განცხადება კანადის ერთ-ერთი პროვინციის, ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპის საპასუხოდ გააკეთა. როგორც დაგ ფორდმა აღნიშნა, ონტარიოში ამჟამად 191 აქტიური ტყის ხანძარია, აქედან 73-ის შემთხვევაში კი ცეცხლი ჯერ კიდევ უკონტროლოა. შესაბამისად, ამ ფონზე აშშ-ის რიტორიკა, მუქარა და კრიტიკა მისთვის მიუღებელია. ფორდის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი ადამიანების დაცვაა და მთავრობა ტყის ხანძრებთან საბრძოლველად და ხალხის ევაკუაციისთვის თანხებს არ დაზოგავს. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის პოლიტიზების მცდელობა და თამაში მაშინ, როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, შემაშფოთებელია. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი კანადას ხანძრების გამო გადასახადების გაზრდით დაემუქრა.