წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ღირებულება სამ მილიონ ლარამდეა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლას განათლების მინისტრი ესტუმრა. მინისტრი შეხვდა პედაგოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მან პედაგოგებთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხები, სახელფასო პოლიტიკა, სკოლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ტყაჩირის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.