თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობლები

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, 3 545 აბონენტს კუსტარული გაზის დანადგარები განმეორებით ჩაუჭრეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზგამანაწილებელმა კომპანიამ იმ მომხმარებლების შემოწმება დაიწყო, რომლებსაც ბოლო სამ თვეში დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების გამო, გაზის მიწოდება განმეორებით შეუწყდათ.

„3 545 აბონენტიდან 2 256 აბონენტმა მესამედ, თვითნებურად, კუსტარულად ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები, ღიაკამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზის გამათბობლები, რითაც საფრთხე შეუქმნეს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებს. გაზგამანაწილებელი კომპანიის ახალი პროგრამული მექანიზმი კომპანიის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ავტომატურად მიიღონ ინფორმაცია, როდესაც აბონენტი თვითნებურად აერთებს ქსელიდან ჩაჭრილ დანადგარებს“, – აცხადებენ კომპანიაში.