თვითმმართველობის არჩევნები – შეუთანხმებლობა ოპოზიციაში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მასში მონაწილეობის საკითხი ისევ აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების თემაა ოპოზიციაში. პარტია „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებისთვის უკვე ემზადებიან. ორი ბარიერგადალახული პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ კი პოზიციას არ ცვლის და ბრძოლას ქუჩაში და ბოიკოტის რეჟიმში აპირებს.
პარალელურად, ცალკეული პოლიტიკოსები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თავიანთ ხედვებზე საუბრობენ – მათ შორისაა ვერსიები – ახალი არჩევნები მობილურებით, ლოტოტრონებით ან საერთაშორისო ადმინისტრაციის მეშვეობით ჩატარებაზე. ბოლო ვერსიას ემხრობა ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელ „იქსზე“ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. „სინდისის პატიმრები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს – ეს საჭიროა, „რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს,“ – წერს ზურაბიშვილი. ყოფილ პრეზიდენტს უკვე გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილი.