არჩევნებამდე სამი თვე რჩება და მასში მონაწილეობის საკითხი ისევ დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციურ პარტიებს შორის. სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი გეგმის შემდეგ, წერილი გაავრცელა პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც არჩევნებს ბრძოლის ველს უწოდებს და აცხადებს, რომ მასში შესვლა ქართველ ხალხთან ერთად გადაწყვიტეს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის ყოფილ პრეზიდენტს ეთანხმება, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაუშვებელია, თუმცა, არაფერს ამბობს ყოფილი პრეზიდენტის ნათქვამზე, რომ არც ბოიკოტის კამპანიაა გამოსავალი.
მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს საპატიმროდან ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერიც და ოპოზიციას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს: „დროა, შევქმნათ გადაწყვეტილების მიღების საერთო მექანიზმი. გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან“ – წერს გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში. გეგმების შეცვლას არ აპირებს გიორგი გახარიას პარტია. მიმდინარე პროცესებს აფასებენ მმართველ გუნდშიც.