თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თემა ოპოზიციურ ფლანგზე შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდეს.
ოპოზიციის დიდ ნაწილს არჩევნების ბოიკოტი წინასწარ უკვე გაცხადებული აქვს, თუმცა ცალკეული პარტიების მხრიდან გაკეთებული ორაზროვანი განცხადებები სხვა მოლოდინსაც აჩენს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური სუბიექტი ახალი არჩევნების მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნის. მათ შორისაა კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ შემავალი „თავისუფლების მოედანი“, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო ოპოზიციური ბოიკოტის მომხრეა, მაგრამ ამ თემაზე საერთო პოზიციის შეუჯერებლობის შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში შესაძლო ჩართვის საკითხზე შიდა დისკუსიები აწარმოოს. ბოიკოტის იდეას არ ეთანხმება და ოპოზიციური ძალების სტრატეგიას შეცდომად მიიჩნევს ბოლო არჩევნებზე პარლამენტს მიღმა დარჩენილი „გირჩი“.