თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის ახალი იდეა – ვინ და რა ფორმით მიიღებს 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ოპოზიციურ სპექტრში კვლავ უთანხმოების საგანია. ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობა კვლავ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსჯელებს, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი პირობებით ჩატარდება და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები გათავისუფლდებიან. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად, ხელისუფლება ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებსაც ჩაატარებს. პაატა ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციასთან ერთად განიხილა მობილური ტელეფონებით ხმის მიცემის იდეაც.
მმართველ გუნდში 2025 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მონაწილეობის მსურველ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში რეგისტრაცია შეუძლიათ.
ვინ და რა საბაბით იწყებს საარჩევნოდ მზადებას ან ბოიკოტს – თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.