თვითმმართველობის არჩევნები ოფიციალურად დაინიშნა - ოპოზიციის გეგმები
4 ოქტომბრამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ოპოზიციას კი თბილისის მერობის კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია.
ალეკო ელისაშვილი და გიორგი შარაშიძე, ყოფილი პრემიერის გუნდსა და „ლელოში“ კახა კალაძის მოწინააღმდეგედ ორი კანდიდატურა განიხილება, თუმცა ვისზე შეჯერდებიან საბოლოოდ, წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიები, ჯერ უცნობია. რადიკალურად განსხვავებული სცენარისთვის ემზადება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, თუმცა კონსენსუსი ჯერ არც მათ რიგებშია. არჩევნებში მონაწილეობაზე გაცხადებული უარის ფონზე, მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი 4 ოქტომბერს აქციას და ეროვნულ ყრილობას, მეორე ნაწილი კი ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებს. სანამ ოპოზიციის ერთი ნაწილი მერობის კანდიდატზე მსჯელობს, მეორე მხარე კი სამოქმედო გეგმაზე, მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატად კახა კალაძე მესამედ წარადგინა და უახლოეს მომავალში მაჟორიტარების დასახელებას აანონსებს. პრეზიდენტმა კი ხელი მოაწერა საარჩევნო განკარგულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.