„ლელოს“ პოზიციამ ოპოზიციურ ერთობაში მორიგი ბზარი გააჩინა. პარტიები, რომლებისთვისაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა წითელი ხაზია, ხაზარაძის გუნდს პოზიციის გადახედვისკენ მოუწოდებენ. საკმაოდ მძაფრი რეაქციები მოჰყვა განცხადებას, რომლითაც „ლელოს“ წევრებმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის თემაზე დისკუსიის დაწყება მოითხოვეს და საკუთარი შეთავაზება სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებით გაამყარეს. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას პოლიტიკური პარტნიორები შეთანხმების დარღვევაზე მიუთითებენ. გიორგი გახარიას მსგავსად, „ლელოს“ მხრიდანაც მერების და საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის ალბათობის დაშვება მიუღებელია ყოფილი პრეზიდენტისთვისაც, რომელიც ,„წინააღმდეგობის პლატფორმის“ მთავარ მოთხოვნად 4 ოქტომბრამდე ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი – საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთად ჩატარებას ასახელებს, თან პლატფორმის მიერ გაწერილი პირობებით და წესებით. თუმცა ფაქტია, რომ ექს-პრეზიდენტის ლიდერობით შექმნილ ფორმატში გაწევრიანებულ პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო ბოიკოტის გარშემო პოზიციები გაიყო.