ექვს დიდ ქალაქში ბრძოლა, სხვა მუნიციპალიტეტებში ბოიკოტი, საერთო კანდიდატები და თბილისში სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანება – ეს არის ალეკო ელისაშვილის განცხადებით იდეალური სცენარი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. თუმცა, როგორც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მზად არიან კომპრომისისთვის და მისაღებია მხოლოდ თბილისისთვის ბრძოლაც. მისი თქმით, აუცილებელია ბრძოლის სტრატეგიაზე ფიქრი. პარალელურად, პოლიტიკურ სპექტრში ისევ კრიტიკის თემაა „ლელოს“ გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილს კოლეგების რადიკალურად შეცვლილი განცხადებები არ უკვირთ, თუმცა ამბობენ, რომ თავისი ნაბიჯებით, „ლელო“ ერთიანობის იდეას აზარალებს. საარჩევნო მარათონისთვის ემზადება გიორგი გახარიას პარტიაც, სადაც ამბობენ, რომ ახლა მერობის ნეიტრალური კანდიდატის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და იმედი აქვთ, რომ ამ საკითხზე „ლელოსთანაც“ ითანამშრომლებენ. არჩევნებში მონაწილეობა ასევე უკვე რამდენიმე თვეა გაცხადებული აქვს პარტია „გირჩს“. რაც შეეხება ხელისუფლებას, მათ ოპოზიციაში დაპირისპირება არ უკვირთ და მათგან არც კონსტრუქციულ ნაბიჯებს ელოდებიან.