2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიციიდან შესაძლოა კიდევ ერთმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა. ეს არის პარტია „თავისუფლების მოედანი“, რომლის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ანგარიშვალდებულებას გრძნობენ ამ საკითხთან მიმართებით, ამიტომ, ამაზე მსჯელობა ექნებათ. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პარტია „გირჩიც“, რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, ისინი დადასტურებულ უარს არ ამბობენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი და განიხილავენ მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ნებისმიერ შემთხვევაში უშანსოა და გამარჯვებას კვლავ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს.