მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ჯერ ისევ გაურკვეველია. ოპოზიციაში დადასტურებულ უარს არ ამბობენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მოსაგვარებელი. განიხილავენ მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, ამ დროისთვის ვინც თვითმმართვლობის არჩევნებში ჩართვას აპირებს, პარტია „გირჩია“. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიცია არჩევნებზე უშანსოა და გამარჯვებას კვლავ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს.
საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ზურა გირჩი ჯაფარიძე. „თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ მოხდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგი იქნება ის, რომ მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დადებული რიცხვების ლეგიტიმაცია, მოხდება დეკემბრის დასაწყისში რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ასობით ადამიანის წამების ლეგიტიმაცია, მოხდება სისხლის სამართლის წესით დაკავებული ათობით პოლიტიკური პატიმრისთვის მრავალწლიანი სასჯელის მისჯის ლეგიტიმაცია“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.