თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვე რჩება. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პარტია „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ საერთო ნეიტრალური კანდიდატების შერჩევის ეტაპზე არიან. როგორც პოლიტიკოსები განმარტავენ, ორ პარტიას შორის სამუშაო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და საბოლოო კანდიდატს, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, 31 ივლისს წარადგენენ. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ლელოს“ და გახარიას თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, შესაძლოა ალეკო ელისაშვილი იყოს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, კენჭისყრაში მონაწილე პარტიების გეგმას სკეპტიკურად უყურებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობას მოსახლეობა უახლოეს დღეებში გაიგებს. ლიდერების განცხადებით, მათი კანდიდატი უალტერნატივოა.