„ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალება

ოპოზიცია „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გამო, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და სხვა პარტიები გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. მათი თქმით, აუცილებელია ყველა დამნაშავის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა. „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც ლექსო ლაშქარავას ინტერესებს იცავდა, აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს კითხვას, გამოიწვია თუ არა მის მიმართ ჩადენილმა ძალადობრივმა ფაქტებმა გარდაცვალება. ამისთვის კი, აუცილებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად და ეფექტურად ჩატარდეს. საია-ში აცხადებენ, რომ შსს-ს ლაშქარავაზე მოძალადე ყველა პირი არ დაუკავებია და აუცილებელია, რომ ისინი დროულად მიეცნენ პასუხისგებაში.