„ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მის საქმეზე პროცესი, სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება. მანამდე კი ადვოკატმა ის „ზაჰესის“ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, ჯიოშვილის დაკავების დროს პოლიციელებმა კანონი დაარღვიეს და მათი იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო. უფლებადამცველის თქმით, ოპერატორზე დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მუქარასაც და მიგინეიშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
ორი დღის წინ „ტვ პირველმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათი ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს და ვერ პოულობდნენ. მოგვიანებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.