„ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადვოკატმა „ზაჰესის“ დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ამ დრომდე მათ საქმის მასალები არ გადასცემიათ. მისივე თქმით, ჯიოშვილის დაკავების დროს პოლიციელებმა კანონი დაარღვიეს და მათი იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო. უფლებადამცველის თქმით, ოპერატორზე დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მუქარასაც და მიგინეიშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ორი დღის წინ, „ტვ პირველმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათი ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. მოგვიანებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.