“ტვ პირველის“ დამფუძნებელს პროკურატურაში გამოკითხავენ

ტელეკომპანია „პირველზე“ ზეწოლის მცდელობად აფასებს ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე პროკურატურაში ვახტანგ წერეთელის დაბარებას.  გამოკითხვაზე „ტვ-პირველის“ მფლობელის დაბარებით, ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს მის კუთვნილ კომპანიაზე. განსხვავებულია უმრავლესობის შეფასება. დეპუტატები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში არის მცდელობა სისხლის სამართლის ყველა საქმე ოპონენტებმა მედიის თავისუფლებას და პოლიტიკას დაუკავშირონ, თუმცა კონკრეტული კითხვების შემთხვევაში, ყველა პირი ვალდებულია უპასუხოს გამოძიებას, ხოლო გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ. პარლამენტი კი უნდა დააკვირდეს პროცესს. რაც შეეხება ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის გამოკითხვას, მისივე მოთხოვნით, საგამოძიებო პროცედურა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სავარაუდოდ ხვალ ჩატარდება. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით,  პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წელს, სესხის სახით თანხა სწორედ იმ კომპანიებზე გაიცა, რომლის ერთ-ერთი მეწილეც ვახტანგ წერეთელია.