„TV პირველი“ სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს

მწვავე პროტესტის მიზეზი ხდება განჩინება, რომელიც სასამართლომ „ტვ-პირველთან“ დაკავშირებით გასცა. საქალაქო სასამართლო პროკურატურას ნებას რთავს, ტელეკომპანიიდან ამოიღოს 6 მარტს გასული ფარული აუდიოჩანაწერების შემცველი ელექტრონული მოწყობილობა და შეფუთვა, რომელშიც ეს მოწყობილობა იყო განთავსებული. „ტვ-პირველი“ დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ჩანაწერების ავთენტურობის შესწავლის ნაცვლად იმ ადამიანის ვინაობის დადგენას ცდილობს, რომელმაც ტელევიზიას ფარული მასალები მიაწოდა. მოსამართლის განჩინების მიღმა ტელევიზია მათი დევნა-დაშინების კვალს ხედავს, ანალოგიურ საფრთხეზე საუბრობს სახალხო დამცველი და ოპოზიციაც. პროკურატურა, რომელსაც დღეს პროფესიული საიდუმლოების წყაროს შესახებ კანონიდან ჩანაწერი რამდენჯერმე შეახსენეს, „ტვ-პირველში“ შესაძლო შესვლას კატეგორიულად უარყოფს და ძიების მსვლელობისას ტელეკომპანიიდან თანამშრომლობის იმედი აქვს. იგულისხმება ჩანაწერების და ამ ჩანაწერების შემცველი ელექტრონული მოწყობილობის გადაცემა.