„თუშური გუდას“მწარმოებლების ხელშეწყობის პროექტი

საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) ერთობლივი პროექტი „თუშური გუდას“ მწარმოებლების ხელშეწყობის შესახებ, დასრულდა. ერთწლიანი პროექტი „შერჩეული რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების მართვის, ბრენდინგისა და კომერციალიზაციის შესახებ“ მიზნად ისახავდა იმ ფერმერების, ასოციაციებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, რომლებიც გეოგრაფიული აღნიშვნებითა და ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშანდებულ ქართულ, უნიკალურ პროდუქციას აწარმოებენ. პროექტის ფარგლებში შეირჩა რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა „თუშური გუდა“, რომლის მაგალითზე მწარმოებლებს ჩაუტარდათ მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე და მარკეტინგული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მიმართული მიზნობრივი ტრენინგები, სხვადასხვა შეხვედრები და დისკუსიები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. მიღებაზე მეწარმეებმა მოაწყვეს დახლები თუშური გუდას დაგემოვნების მიზნით. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო  საინფორმაციო სტენდი თუშური გუდას შესახებ.