თუშეთში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ფშაველი-თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მაშველებმა საძიებო სამუშაოები შეწყვიტეს და მუშაობას მოშორებით, მდინარის დინების მიმართულებით აგრძელებენ. იმ ადგილიდან, სადაც სატვირთო მანქანა გადავარდა, მაშველებმა ორდღიანი სამუშაოების შედეგად ექვსი ცხედარი ამოიტანეს.

ამ ეტაპზე დაკარგულად მხოლოდ ერთი ადამიანი ითვლება და ხეობაში მისი სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.

მაშველები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, დაღუპულის ცხედარი დინებამ გაიტაცა და ძიების არეალი ამიტომ გაფართოვდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს რამდენიმე საათის წინ მიაგნეს.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან გუშინ გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. მათგან ორს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.