თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი

15:01, 16.07.2026

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქმენეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის ფორმატში გადაინაცვლეს, სადაც საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ინვესტიციების წახალისებას, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე, შუა დერეფნის სტრატეგიული პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია სატრანზიტო მიმართულებით კავშირების გაღრმავებით, მათ შორის, შავი ზღვის პორტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო შესაძლებლობების გამოყენებით. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონული მნიშვნელობის პროექტები. ყურადღება გამახვილდა სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და დაკავშირებადობის შესაძლებლობების კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობას. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები. თავის მხრივ, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა თურქმენეთის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებას.

დღეს ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. მხარეებმა განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შუა დერეფანში. ლევან ჟორჟოლიანმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან შეხვედრებზე იმ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების მიმართულებით ახორციელებს.

მსგავსი