თურქეთში ქურდობისთვის ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

თურქეთში ქურდობისთვის ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გამოცემების ცნობით, საქართველოს პირველი ლიგის გუნდი – ცხინვალის „სპარტაკი“ ბელეკში შეკრებას მართავს და ხუთმა ფეხბურთელმა, სავარაუდოდ, ანტალიის სავაჭრო ცენტრში საქონელი მოიპარა.

„სავაჭრო ცენტრში სათვალთვალო კამერების შემოწმებისას დადგინდა, რომ ქურდობა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა, პოლიციამ კი იმავე პერიოდში დაწესებულებაში მყოფ კლიენტებზე გაამახვილა ყურადღება. აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი იყო. ისინი ბელეკის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს“. – წერს თურქული გამოცემა.

ანტალიაში მომხდარ ინციდენტზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.  „გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის – ცხინვალის ფეხბურთელები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ ცხინვალს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე“.