თურქეთში მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, ჰათაის პროვინციაში, ნანგრევებიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს. მათგან ერთ-ერთი 45 წლის მამაკაცი დანგრეული კორპუსიდან 278 საათის გასვლის შემდეგ იპოვეს. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კი თურქეთში 40 ათასს უახლოვდება.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები 20 000-ზე მეტ დანგრეულ შენობაში გრძელდება. სტიქიის ზონაში ამჟამად 264 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათ შორის 65 ქვეყნიდან ჩასული 5 ათასზე მეტი მაშველი. სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სხვადასხვა ქვეყნიდან 70 000 კარავი გაიგზავნა, დამატებით 55 000 კარავს კი უახლოეს მომავალში ჩაიტანენ.
მსხვერპლის რაოდენობა იზრდება თურქეთის მეზობელ სირიაშიც – ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 5 800-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ორივე ქვეყანაში დაღუპულების რაოდენობა 45 000-ს აჭარბებს. 9 თებერვლის შემდეგ, თურქეთიდან ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ჰუმანიტარული დახმარება გაერო-ს 178-მა სატვირთო მანქანამ შეიტანა.