თურქეთის პრეზიდენტი ლვოვში

თურქეთის პრეზიდენტი ლვოვში ჩავიდა. რეჯეფ ტაიფ ერდოღანი პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ მოლაპარაკებას გამართავს, რის შემდეგაც, უკვე გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მონაწილეობით, სამმხრივი შეხვედრა შედგება. ლიდერები უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი ზელენსკის აცნობებს, რომ მზად არის ორგანიზება გაუწიოს მასსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრას, რომელზეც მინიშნება პუტინმა სოჭში, 5 აგვისტოს გამართული მოლაპარაკებისას გააკეთა. თურქული მედია დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, ლიდერებმა ომის ე.წ.  გზამკვლევი უნდა განსაზღვრონ, რის შემდეგაც უკვე დელეგაციები დაიწყებენ მუშაობას ამ საგზაო რუკის განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა უკვე ოთხჯერ შესთავაზა, თუმცა მოსკოვიდან უარი იყო.