თურქეთის „ბლიცკრიგი“ და შეიარაღების „დილემა“
თურქეთის „ბლიცკრიგი“ და შეიარაღების „დილემა“

სირიაში თურქეთის შეჭრის გამო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპის წამყვანი ქვეყნები წყვეტენ თურქეთისათვის შეიარაღების მიწოდებას. შესაბამისი განცხადებით უკვე გამოვიდა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჰაიკო მაასი.მაასის განცხადებით, გერმანიის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2016 წელს დაიჭირა თურქეთის წინააღმდეგ მკაცრი პოზიცია ანუ, მას შემდეგ, რაც მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის მოქმედებები სირიულ აფრინში. თუმცა ქურთების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების მომენტიდან ფედერალურმა  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გასცენ ახალი ნებართვები გერმანიიდან თურქეთისათვის იარაღის მიწოდებისათვის.

ეს ყველფერი ხდება მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში გერმანიიდან შეიარაღების ექსპორტი გერმანიის სამხედრო მრეწველობის მესამედს შეადგენს.

გერმანიის კვალდაკვალ, თურქეთში შეიარაღების ექსპორტი შეზღუდა საფრანგეთმაც, რის შესახებაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შაბათს, 12 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გადაწვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ნიდერლანდების სამეფომაც.

საყურადღებო და საგანგაშო ამ ვითარებაში ისიც არის, რომ თურქეთს რუსულ იარაღზე უარი არც აქამდე უთქვამს. ვაშინგტონის გაფრთხილების მიუხედავად, ანკარამ  რუსული „ს-400“-ები უკვე შეისყიდა და მოულოდნელი არ იქნება, თუ აუცილებლობის შემთხვევაში ისევ კრემლს მიმართავს, როგორც ალტერნატივას. თუმცა ეს ალტერნატივა გრძელვადიანია – ნებისმიერ ტექნიკური სიახლე გადაირაღების პროცესში სამხედრო პერსონალის გადამზადებასაც გულისხმობს, რაც დანარჩენ კომპონენტებთან ერთად, საკმაო დროს მოითხოვს, ეს დრო კი თურქეთს არც ახლა და არც საომარ ვითარებაში არ აქვს. 

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დასახული ამოცანების შესრულებამდე არ შეაჩერებს – ამის შესახებ განცხადება  პრეზიდენტ  ერდოღანის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღის წინ უკვე გააკეთეს,  თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, თურქეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, ხოლო ქურთებმა შეძლეს სირიის მთავრობის მხარდაჭერის მოპოვება, ალბათ, კონფლიქტი გაჭიანურებულ ხასიათს მიიღებს. არ არის გამორიცხული ქურთებმა პარტიზანული ომიც გააჩაღონ. ამისათვის ყველა პირობა არსებობს. ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავს: თურქეთისათვის ძალიან რთული იქნება იმ ვითარების მოდელირება, რასაც ის უეჭველ გამარჯვებას დაარქმევდა.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.