თურქეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ დემონსტრაციებს. მიზეზად „უცხოელების მიმართ მზარდი ინციდენტები, რასისტული თავდასხმები და რელიგიური შეუწყნარებლობა სახელდება“, რის მაგალითადაც მოყვანილია აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიციის მიერ ძალადობის შედეგად დაღუპული ტაირ ნიკოლსის შემთხვევას მოყვა. „შემჩნეულია, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმებს უცხოელების მიმართ რასისტულ ნიადაგზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. კიდევ ერთ განცხადებაში კი სამინისტრო ევროპის ზოგიერთ ქალაქში მზარდ „ანტიისლამურ, ქსენოფობიურ და რასისტულ ქმედებებზე, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებთან აფილირებული ჯგუფების მიერ თურქეთის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ დემონსტრაციებზე“ ამახვილებს ყურადღებას.