ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“
ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალის „განდაგანას“ მასპინძელია. ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათით იქნება წარმოდგენილი. მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე კეთდება. მოწყობილია კვების სივრცეები. პარალელურად ტარდება თიხაზე მუშაობის, ქარგვისა და კულინარიული მასტერკლასები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ აჭარულ ყოფას და თავადაც ჩაერთონ ტრადიციულ საქმიანობაში. ფესტივალში 200-მდე მეწარმე მონაწილეობს. სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან იმართება, რომლის მიზანიც აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.