თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება 

მთავრობის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას სტუდენტების ნაწილის და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს თსუ-ს პირველ კორპუსთან. იქმნება მართვის დროებითი საბჭო, რომელმაც ერთად შერწყმული ორი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელების მოვალეობის შემსრულებლები უნდა დანიშნონ. 108 და 104-წლიანი ისტორიების მქონე უნივერსიტეტებში რეორგანიზაციის პროცესიც დაანონსდა, რომელიც სწორედ მითითებულმა საბჭომ უნდა წარმართოს. სასწავლებლების გაერთიანება უმაღლესი რეფორმის ნაწილია. გეგმას კითხვები და უკმაყოფილება მოჰყვა თსუ-ს ლექტორების ნაწილის მხრიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კომენტარისგან თავს იკავებს, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი კი საკუთარ პოზიციას თანამშრომლებთან კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებს. თუმცა კითხვები დავით გურგენიძესაც აქვს. განათლების სამინისტრო რეზონანსული გადაწყვეტილების მიზნად საერთაშორისო რეიტინგებში უნივერსიტეტის მონაცემების გაუმჯობესებას ასახელებს. ახლა ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, მოსალოდნელია თუ არა აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა კვოტების შემცირება და რა ბედი ეწევათ ისტორიული უნივერსიტეტების არსებულ შენობებს.