ტროპიკული შტორმი კალიფორნიაში

კალიფორნიის შტატში ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველად, ტროპიკულ შტორმ „ჰილარის“ ებრძვიან. შტორმს თან ერთვის წყალდიდობები, მეწყერი და ძლიერი ქარი. ვითარებას ართულებს მიწისძვრაც, კალიფორნიაში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. დატბორილია დასახლებები, 10-ათასობით მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჯო ბაიდენის განკარგულებით, შესაბამისი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. შტატის გუბერნატორმა კი საგანგებო მდგომარეობა 11 ოლქში გამოაცხადა. ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახური მოქალაქეებს ლოს ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მთიან რეგიონებში მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს. შტორმის გამო ლოს ანჯელესში ყველა სკოლა დახურეს. კალიფორნიის გარდა, ტროპიკული შტორმი ემუქრება ნევადას, ორეგონსა და აიდაჰოს შტატებსაც.