ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში რჩება

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობაში რჩება. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სუსლიაკის ადვოკატმა მიმართა, თუმცა მოთხოვნა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

უფლებადამცველი ზურაბ თოდუა განმარტავს, რომ მოთხოვნა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ემყარებოდა. როგორც ადვოკატი ამბობს, დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ სუსლიაკთან ერთად მყოფი 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის. მისივე ინფორმაციით, საქართველოში იმყოფებიან ბავშვების ბიოლოგიური ბებიები და ოფიციალური დოკუმენტებით ისინი უკრაინაში ბავშვების წაყვანას ითხოვენ. მათთან ერთად საქართველოში ჩამოსულია უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელიც, რომელმაც პროკურატურაში შეხვედრა გამართა.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით 26 აპრილს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. რუსეთის საზღვარი კი მან 11 ბავშვთან ერთად გადაკვეთა.