ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ჭავჭავაძის გამზირზე 

მკვეთრად შეცვლილი სატრანსპორტო სქემა დედაქალაქის ცენტრში.

საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა და მწვავე რეაქციები გამოიწვია ჭავჭავაძის გამზირზე ერთწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ამოქმედებულმა ახალმა სატრანსპორტო სისტემამ. ტროტუარების გაფართოების შედეგად შევიწროებულია გზის სავალი ნაწილი, ავტობუსები კი მანქანების საპირისპიროდ მოძრაობენ, რის გამოც მესამე დღეა, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე საცობებმა მკვეთრად იმატა. ეს არის მერიის მიერ ოთხი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის რეკომენდაციით და წინასწარ კვლევაზე დაფუძნებული სპეციალური პროგრამით შემუშავებული სქემა, რომელიც ჭავჭავაძეზე გადაადგილების დროს პრიორიტეტებს შემდეგი თანმიმდევრობით ანაწილებს: ფეხით მოსიარულე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბოლოს კერძო მანქანები.

თბილისის მერიაში განახლებულ გამზირზე გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს  დროებითს უწოდებენ და ამბობენ, რომ მძღოლებს ახალ სქემასთან ადაპტაცია სჭირდებათ. დედაქალაქის მთავრობის განმარტებით, სატრანსპორტო რეფორმა ევროპის არაერთი დიდი ქალაქის მსგავსია და მისი ცვლილება არ განიხილება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შუქნიშნებზე შეყოვნების დრო შემცირდეს.