ტრამპმა „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა 

ხუთი წლის წინ დადებული პირობა დონალდ ტრამპმა რეალობად აქცია. ულტრამემარცხენე მოძრაობა „ანტიფას“ წინააღმდეგ ბრძოლა მის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით დასრულდა, რასაც ახლა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები უნდა მოჰყვეს. აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნაა, გამოძიება დაინტერესდეს იმ ჯგუფის საქმიანობით და დამფინანსებლებით, რომელიც თავს „ანტიფაშისტურ მოძრაობად“ აცხადებს და რომელსაც წლების განმავლობაში არაერთი ძალადობრივი ქმედება, თავდასხმა, მუქარა, შეტაკება, არეულობა და ვანდალური ფაქტი უკავშირდება. ამერიკელი კონსერვატორი კომენტატორის და ტრამპის ხედვების აქტიური მხარდამჭერის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტერორიზმად შეფასებული პოლიტიკური ძალადობის აღკვეთით ხსნიან. პირველი, ვინც ტრამპის ნაბიჯს მიესალმა და ანალოგიური ზომები მიიღო, უნგრეთის პრემიერია. პოზიციები გაყოფილია აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში – ოპონენტები ამერიკის პრეზიდენტს განსხვავებული აზრისა და პროტესტის ჩახშობაში სდებენ ბრალს.