ტრამპის სკანდალური რუკა
დონალდ ტრამპის ბოლო გზავნილზე მწვავე გამოხმაურებები ამ დრომდე არ წყდება. ვნებათაღელვის თემაა ამერიკის პრეზიდენტის მიერ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რუკა, რომელზეც აშშ, კანადა, გრენლანდია, ისლანდია, მექსიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებშია გამოსახული, მთელ ტერიტორიაზე კი წარწერაა -„ამერიკის შეერთებული შტატები“. მძიმეა რეაქცია ისლანდიისგან, რომელმაც აშშ-ის ელჩი გამოიძახა. ტრამპს მწვავე პასუხი გასცეს გრენლანდიიდანაც და მიუთითეს, რომ გრენლანდიის ბედს კუნძულის და დანიის მოსახლეობა გადაწყვეტს. რუკის გამოქვეყნება დროში ემთხვევა ამერიკასა და კანადას შორის სავაჭრო დაპირისპირებას, დღეს ოტავას მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებული ახალი საპასუხო ტარიფები ოფიციალურად ამოქმედდა. ამ ნაბიჯს წინ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან კანადური კომპანიების მისამართით მუქარის შემცველი გზავნილები უძღოდა.