აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ევროკავშირისა და მექსიკისთვის 30%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ, რომელიც 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება, ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს მუშაობა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში გადადგას ყველა შესაბამისი ნაბიჯი პროპორციული ზომების მისაღებად. ამავე პოზიციას იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტიც, რომელიც აცხადებს, რომ თუ პირველ აგვისტომდე შეთანხმება მიღწეული არ იქნება, ევროპული ინტერესების დასაცავად ევროკომისიის მხრიდან კონტრზომების დაჩქარება გახდება საჭირო. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით კი, ევროკავშირსა და შტატებს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებზე ფოკუსირება გადამწყვეტია. განსხვავებული პოზიცია აქვს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისიას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. სიიარტოს თქმით, მათ შტატებთან ხელსაყრელი სატარიფო შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.