ტრამპის სამშვიდობო გეგმა

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მსოფლიო მედიის განხილვის მთავარი თემაა.

ორმხრივი შეხვედრის დასაორგანიზებლად და სამშვიდობო მოლაპარაკებების გასამართად მოსამზადებელი სამუშაოები იწყება, რასაც ორივე მხარე ადასტურებს. დაწყებულია ჯგუფების დაკომპლექტება. რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ დონალდ ტრამპი ტელეფონით ვოლოდიმერ ზელენსკისაც ესაუბრა, რომელსაც საკუთარი პირობა აქვს. ახლა მთავარი კითხვაა, როდის გაიმართება აშშ-ის და რუსეთის პირველი პირების აუდიენცია. პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შედგება. ამერიკის პრეზიდენტი მთავარ მიზნად საბრძოლო მოქმედებებისა და ხალხის ხოცვის შეწყვეტას აცხადებს, რაც მისი თქმით, ვლადიმერ პუტინსაც სურს. როგორ ესახება ვაშინგტონს ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირების რეალობად ქცევა და ომის დასრულება – რამშტაინის ფორმატში საინტერესო გზავნილები გააჟღერა ამერიკის თავდაცვის მდივანმაც.