ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის ლიდერის მისამართით რიტორიკა სულ უფრო მწვავდება.
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმერ ზელენსკის დიქტატორი უკვე მეორედ უწოდა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით სოციალურ ქსელში გუშინ გაკეთებული საკმაოდ კრიტიკული განცხადებები ფლორიდაში გამოსვლის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის ომის დასასრულებლად დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელებას და შედეგს ელოდება, ტრამპი ზელენსკის პირდაპირ ეუბნება, რომ სამი წლის წინ ომის თავიდან არიდება შეეძლო. თეთრი სახლის ლიდერის ტონი მკაცრია ევროკავშირის მისამართითაც, რომელიც უკრაინის მსგავსად, ელ რიადში გამართული მოლაპარაკების მიღმა აღმოჩნდა. ამერიკის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ევროპამ უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველყოფა ვერ შეძლო. „ომი არ უნდა დაწყებულიყო“ – ამ მთავარი გზავნილის პარალელურად გამოსვლებში ტრამპი უკრაინაში არჩევნების ჩატარების თემას ააქტიურებს და აინტერესებს, რას მოხმარდა 2022 წლის შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი მილიარდები. ამერიკის პრეზიდენტის რეზონანსული განცხადებებით ევროკავშირი უკმაყოფილოა. ევროპელი ლიდერების ნაწილი ოფიციალური ვაშინგტონის მიდგომებს მიღმა რუსეთისთვის სასარგებლო გზავნილებს ხედავს.