ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები - გამოხმაურება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპული ქვეყნების ნაწილს გრენლანდიის გამო ტარიფები დაუწესა. გადაწყვეტილებას ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი. მაკრონის თქმით, ტარიფებით მუქარა მიუღებელია, საფრანგეთი კი ერების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის იდეის მიმართ ერთგულია. საფრანგეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ სწორედაც გაერო-ს წესდების საფუძველზე უჭერენ მხარს უკრაინას და ამ პრინციპების და უსაფრთხოების დასაცავად შექმნეს „მსურველთა კოალიცია“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. კირ სტარმერის თქმით, აღნიშნულ საკითხს შტატების ადმინისტრაციასთან განიხილავენ.

„ჩვენ შანტაჟს არ დავუშვებთ. დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ დანია და გრენლანდია წყვეტენ” – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. კრისტერსონი დონალდ ტრამპის მიერ დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთისთვის ტარიფების დაწესებას ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, კოორდინირებული რეაგირებისთვის შვედეთი ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „მე ყოველთვის დავიცავ ჩემს ქვეყანას და ჩვენს მოკავშირე მეზობლებს. ეს ევროკავშირის საკითხია, რომელიც გაცილებით მეტ ქვეყანას ეხება, ვიდრე ახლა გამოყოფილ ქვეყნებს. შვედეთი ამჟამად ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ნორვეგიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინირებული რეაგირებისთვის“, – წერს კრისტერსონი.

კაია კალასი კი აცხადებს, რომ ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების რისკს აჩენს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მოკავშირეებს შორის განხეთქილებით ჩინეთი და რუსეთი სარგებლობენ. ხოლო თუ გრენლანდიის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა ეს საკითხი ნატო-ს ფარგლებში შეუძლიათ განიხილონ. „ასევე, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ჩვენმა დავამ ყურადღება გადაგვატანინოს მთავარი ამოცანიდან, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას გულისხმობს“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის. ანტონიუ კოშტა აღნიშნავს, რომ დანიის მიერ წინასწარ კოორდინირებული წვრთნა, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ტარდება, არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას პასუხობს და არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს.