ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება - შეფასებები

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ამერიკულ უნივერსიტეტებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

ბრძანება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავალდებულებს, განაცხადონ უცხოური დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროების შესახებ. „ამერიკული საგანმანათლებლო, კულტურული და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა მოითხოვს გამჭვირვალობას ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში უცხოური თანხების შემოდინებასთან დაკავშირებით. ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, დავასრულოთ უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და დავიცვათ ამერიკელი სტუდენტები და კვლევები უცხოური ექსპლუატაციისგან“ -აღნიშნულია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში. „მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს, გაასაჯაროონ უცხოური დაფინანსება და გავაგრძელებ მუშაობას კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრინციპს გააფართოებს“ – წერს ჯიმ რიში.