ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რა სახის უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდებიან უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დეტალები უახლოეს 10 დღეში გაირკვევა. გუშინ დისკუსიის დროს გაიჟღერა არაერთმა ვარიანტმა, მათ შორის იყო უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსება, უკრაინის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება და ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი მექანიზმი. უკრაინის პრეზიდენტი და ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ აშშ-მა მზადყოფნა გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს ამ გარანტიებში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის დაცვა მომავალში თავდასხმის განმეორებისგან. რუბიოს თქმით, შესაძლოა ეს არ იყოს სამართლიანი, თუმცა ნებისმიერი ომის დასასრულებლად, ორივე მხრიდან საჭიროა დათმობები. შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, ვინმემ აიძულოს უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა. უკრაინის მიერ დონბასზე უარის თქმა კი მან აშშ-ის მიერ ფლორიდის დათმობას შეადარა. ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ თუ რუსეთი პროცესის გაჭიანურებას ეცდება და ომის დასრულების სურვილს არ აჩვენებს, საჭიროა მასზე ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის სანქციების გზით.