ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა მაიკ უოლცმა. განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე წაიკითხა, წერია, რომ პრეზიდენტებს შორის შედგა შესანიშნავი სატელეფონო საუბარი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს უკრაინული და ამერიკული გუნდების ნაყოფიერი მუშაობის დაწყებისთვის ჯიდაში, 11 მარტს. ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნების შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ომის დასრულებისკენ სვლას. როგორც ცნობილია, საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა რიგ საკითხებთან ერთად განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგება და ატომური ელექტროსადგურები. მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია დაეხმაროს ამ სადგურების მუშაობას ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების მხრივ. აშშ-ის მიერ ამ სადგურების ფლობა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს ჰუმანიტარული საკითხების მუდმივად წამოწევისთვის – ნათქვამია განცხადებაში.